2023-12-25
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განათლების სექტორის 200-ზე მეტ წარმომადგენელს ტრენინგები ჩაუტარა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განათლების სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო-შემეცნებითი ლექციების ჩატარებას აქტიურად აგრძელებს.
ნოემბრისა და დეკემბრის თვეში სამსახურის მიერ განათლების სექტორის 200-ზე მეტ წარმომადგენელს, მათ შორის ლექტორებს, პედაგოგებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის, პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობისა და ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ლექტორებისთვის საინფორმაციო ლექცია სამსახურის კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - არჩილ ჯაველიძემ ჩაატარა.
ეროვნული სასახლის მედიათეკაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხარდაჭერითა და ჩართულობით მოეწყო შეხვედრა თემაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვა მასწავლებელთათვის“. შეხვედრაზე დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მკვლევარ-ანალიტიკოსებმა - ნინი ცაგარეიშვილმა და გვანცა გაბაიძემ მიაწოდეს.
გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროი იურისტი - ავთანდილ ლეფსვერიძე სსიპ „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის'' თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის საკვანძო საკითხებზე კერძოდ, როგორც მოქმედი, ასევე ახალი კანონის საფუძველზე განახლებული მონაცემთა დამუშავების საფუძვლების, პრინციპების, მონაცემთა უსაფრთხოების, ვიდეომონიტორინგისა და სუბიექტის უფლებების შესახებ ესაუბრა.
ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის ჩატარდა საინფორმაციო ლექცია კერძო სკოლა პირველ გიმნაზიაშიც. ლექცია კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ნინო ქათამაძემ ჩაატარა.
თბილისის 87-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს საინფორმაციო ლექცია გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ლიკა ტანიაშვილმა და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა - მილენა სვანიძემ ჩაუტარეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლიკა კობალაძემ და გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ავთანდილ ლეფსვერიძემ კი მე-6 სკოლის მოსწავლეებს პერსონალური მონაცემებისა და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა იურისტმა - ნინო ქათამაძემ და ამავე დეპარტამენტის იურისტმა - მილენა სვანიძემ მიაწოდეს ინფორმაცია.
ქალაქ ბათუმში მოსწავლეების შერეულ ჯგუფს კერძო და საჯარო სექტორებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტებმა მარიამ მაისურაძემ და ნათია ჯანელიძემ უმასპინძლეს.
საგანმანათლებლო სფერო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. არასრულწლოვანათა პერსონალური ინფორმაციის სათანადოდ დასაცავად უმნიშვენლოვანესია, როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების ასევე, თავად მოსწავლების ინფორმირება საკითხის შესახებ. ამ მიზნით სამსახური სხვადასხვა ტიპის აქტივობებს მუდმივად ატარებს და მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.